ბათუმში მე-6 კლასის მოსწავლე დანით დაჭრეს. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლასთან მოხდა.
მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე დაჭრის ფაქტს არ აღიარებს, თუმცა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„მეხუთე გაკვეთილი ქონდათ კლასის დამრიგებლის გაკვეთილი, დამრიგებელმა გაუშვა, გააცილა. ბავშვები წავიდნენ სკოლიდან, გასცდნენ სკოლის ტერიტორიას და კერძო ეზოში შესულან. ჩვენთვის ფაქტი როცა გახდა ცნობილი, უკვე ბავშვი სასწრაფოს წაეყვანა. თვითონ ბავშვი ამბობდა, რომ მე გადმოვარდი და შემთხვევით მოხდაო. თვითმხილველი ამ ამბავს არავინ არ ყავს,“ - ამბობს სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავის ვინაობა დადგენილია. ის არასრულწლოვანია და ამ დროისთვის დაკავებული არ არის. შემთხვევის ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოზარდს დაზიანება წვივის არეში აღენიშნება. ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრშია გადაყვანილი.