21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივა - საბჭოს არამოსამართლე წევრები სხდომების დახურვას არ ეთანხმებიან 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები შესაძლოა დაიხუროს. აღნიშნული ინიციატივა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს ეკუთვნის. ის მიიჩნევს, რომ სხდომები სულ უფრო ემსგავსება სატელევიზიო რეალითი შოუს.

საბჭოს წევრი თვლის, რომ ღია ფორმატს და კამერებს მისი არამოსამართლე კოლეგები პოპულისტური განცხადებებისთვის იყენებენ და სამუშაო პროცესს აფერხებენ. მეთოფიშვილი ამბობს, რომ ინიციატივას დღის წესრიგში უახლოეს სხდომაზე დააყენებს.

იუსტიციის საბჭოს სხდომების ღიაობას დღეს რეგლამენტი არეგულირებს. მასზე დასწრების უფლება აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიას. უზრუნველყოფილია პირდაპირი ტრანსლაციაც. კვირიდან კვირამდე, საბჭოს სხდომებზე ხმაური და დაპირისპირება არ ცხრება, რის გამოც, განხილული თემები მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება.

საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც ახალი ინიციატივის ავტორის ბრალდებების მთავარი ადრესატები არიან, სხდომების დახურვას წარმოუდგენლად მიიჩნევენ.

სერგო მეთოფიშვილის მსგავსად, რეალითი შოუში მონაწილეობა აღარც სხვა წევრებს სურთ. თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ დახურვა გამოსავალი არ არის.

სხდომების არსებული ფორმატის შესანარჩუნებლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

დღის ამბები