„მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“- ამ თემაზე მოსამართლეთა საჯარო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას ამერიკელი მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
აშშ-ს ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დანქენიმ იმედი გამოთქვა, რომ გაზიარებული გამოცდილება ქართველ მოსამართლეებს დაეხმარება მიმდინარე სასამართლო რეფორმის უკეთ განხორციელებაში.
„დღეს ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. ქართველ კოლეგებთან ერთად სწორედ ამ სფეროში არსებული გამოწვევები განვიხილეთ. იმედი მაქვს რომ ის გამოცდილება,რაც ამერიკას გამაჩნია დაეხმარება საქართველოს მიმდინარე სასამართლო რეფორმის უკეთესად განხორციელებაში“- ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დანქენი.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე არსებული გამოწვევები იყო.
„დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გასაკეთებელია", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.