პრეზიდენტის შეწყალებული პატიმარი და მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე - სამდღიანი დუმილის შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა დღეს პირველი განმარტება გააკეთა.
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ძალადობის ბრალდებით მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს დროებით აჩერებს.
გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, თუ რის გამო მოხდა 25 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძისთვის სასჯელის განახევრება. პრეზიდენტი ამბობს, რომ პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კარგი დახასიათება ჰქონდა და შეწყალების თხოვნით ოჯახის წევრებმა მიმართეს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარეც ამბობს, რომ კომისია შეცდომაში სასჯელაღსრულების სამინსიტროს ინფორმაციამ შეიყვანა, რომელმაც პრეზიდენტთან გადაგზავნილ დოკუმენტებში პატიმარს დადებითი დახასიათება მისცა, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის გადაგზავნილი დასკვნაში უარყოფითი. ეს ბრალდება დღეს კახი კახიშვილის უწყებაში უარყვეს.
ვაკეში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების გამო ქართულმა ოცნებამ დღეს პრეზიდენტის გადადგომაც მოითხოვა. კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისგანაც გახდა.