კანონი, რომელიც უპერსპექტივო პარტიებს სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას აძლევს - შიდა დაპირისპირების პარალელურად, უმრავლესობამ პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიებს ეძლევათ საშუალება ბიუჯეტიდან სოლიდური დაფინანსება მიიღონ.
კანონის მიხედვით, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნებში 3 პროცენტიან ბარიერსაც კი ვერ ლახავენ, პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობა გარანტირებულად უხანგძლივდებათ 2024 წლამდე.
„ამ პარტიებს ოცნება ეუბნება რომ თქვენ ჩვენ სიაში ვეღარ ჩაგწერთ. ჩვენ თქვენ ვეღარაფრით ვეღარ დაგეხმარებით, მითუმეტეს ბლოკში ვეღარ შეგიყვანთ 2020 წელს. აქედან გამომდინარე, რომ თქვენ იმისთვის რომ სიცოცხლე გააგრძელოთ თითო კაცს გაგაყვანინებთ სადღაც, ისევე როგორც გაიყვანა რამდენიმე პიროვნება არა თავისი სახელით „ოცნებამ“, შემდეგ ხალხს გაჩუქებთ და ყველაფერი ეს სიკეთეები თქვენ გექნებათ, ოღონდ ეს ხალხი ფრაქციის შექმნისთვის იქნება ჩვენი. რომელ დღესაც წაგცდებათ ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ და არ დაგვეთანხმებით, ამ ხალხს უკან გამოვიწვევთ ფრაქციიდან, დაგიშლით ფრაქციას. შესაბამისად დაგაკარგვინებთ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, ანუ დაგაკარგვინებთ ყველა იმ სიკეთეებს, რაც გაქვთ,“-განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კი ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ზუსტად პასუხობს იმ გეგმას, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს და რომელიც მის მიერ მართული ფრაქციების შექმნას უზრუნველყოფს.
„აი ეს არის პირდაპირ ივანიშვილის გეგმა, რომ 2020 წელს პარლამენტის მიღმა დატოვოს, როგორც გააკეთა ახლა ბოლო ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე რეალური პარტიები და შეიყვანოს თავისი ერთკაციანი მაჟორიტარული პარტიები, რომლებსაც შეაქმნევინებს ფრაქციებს, რომელიც ასე ჯაჭვით, ხომ გინახიათ კავკასიური ნაგაზი ეზოში რომ ჰყავთ დაბმული, აი ესე ჯაჭვით დაბმული პარტიები სჭირდებათ, რაც ბუნებრივია არის ყოველგვარი დემოკრატიის მასხრად აგდება. მართლაც, აი ზოოპარკი, რომ აქვს მოწყობილი საჩხერეში, აი ისეთი ზოოპარკის მოწყობა უნდა საქართველოს პარლამენტში,“-განაცხადა კახა კუკავამ.