21 დეკემბერი 2024,   17:25
ვრცლად
„ოკუპანტებმა მოკლეს ტატუნაშვილი, მანამდე ოთხოზორია“ - ჯანელიძემ საერთაშორისო მისიების აუცილებლობაზე გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა. მან ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი ფაქტები ოკუპანტებისთვის ჩვეულ ქმედებად იქცა.

მიხეილ ჯანელიძე მსგავსი ფაქტების გახშირებას ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიების არყოფნას უკავშირებს და მათ დაშვებას მოითხოვს.

“ერთი თვის წინ ქართველი, იძულებით გადაადგილებული პირი, არჩილ ტატუნაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, ცხინვალში საოკუპაციო ძალებმა დააკავეს და მოკლეს. დამნაშავე დაუსჯელია. მანამდე მოკლეს კიდეც ერთი დევნილი გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, აფხაზეთის რეგიონში. ამ დანაშაულის ჩამდენიც დაუსჯელია. ასობით ათასს დევნილს საკუთრ სახლებში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ და ვინც იქ ცხოვრობს, ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უმთავრესი უფლება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში  საერთაშორისო მისიების ყოფნა აუცილებელია.

“რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით ვაკუუმი შექმნა ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც თვითნებური დაპატიმრებები, გატაცებები და მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მზარდი ინფორმირებულობის, საერთაშორისო გაერთიანების მოწოდებებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციების მიუხედავად, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების არსებული არქიტექტურა ამ პრობლემებს ეფექტურად ვერ აგვარებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის ან სხვა სახით ყოფნა ადგილზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები