21 დეკემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ხელისუფლება დღეს საქართველოშიც არის კორუმპირებული, არასისტემური, არაკოორდინირებული - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპულისაქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სომხეთში არსებულ მდგომარეობას არჩევანის ეთერში აფასებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სომხეთში პრემიერის გადადგომა და ხელისუფლების ცვლილება მძიმე სოციალური ფონის შედეგია.

ჭიაბერაშვილი პარალელს საქართველოსთან ავლებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონია.

„ხელისუფლება დღეს საქართველოშიც არის კორუმპირებული, არასისტემური, არაკოორდინირებული, უნიათო, მხოლოდ საკუთარ თავზე მორგებული და რაც მთავარია, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს არის აბსოლუტურად მმართველობის მახინჯი სისტემა, როდესაც მართავს ქვეყანას ადამიანი, რომელსაც ფორმალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია და უბრალოდ, ხეებს დაათრევს აქეთ-იქით,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში აუცილებელია, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ მომავალი ხელისუფლება, რომელიც იქნება და რომელიც უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაში არჩევნების გზით, იქნება ანგარიშვალდებული. სარქსიანზე პრობლემა გაჩნდა სწორედ იქ, რომ მან სიტყვა თქვა და სიტყვა დაარღვია, ანუ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გახდა კატალიზატორი იმ პროცესებისა, რაც ხდება ერევანში და ბუნებრივია, აქაც იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია აბსოლუტურად ყველა პირობა და ქვეყანა უკან წაიყვანა და გვაქვს მმართველობის მახინჯი სისტემა, ჩვენი ხალხის გონიერებაზე იმეტყველებს ის, თუ ჩვენ შევძლებთ და არჩევნების გზით გავუშვებთ მათ სახლში," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები