21 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
რუსეთი აძლიერებს სამხედრო ყოფნას ამ რეგიონში, ნატო-ც აძლიერებს ყოფნას შავ ზღვაზე - ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე

„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყველა მისი ნაწილით და მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების აღიარება,“ - ასე აფასებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციას ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემი.

თაჯან ილდემმა „კურიერთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთი სამხედრო ყოფნას აძლიერებს, რის პარალელურადაც ნატო-ც აძლიერებს ყოფნას შავ ზღვაზე.  ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში აღნიშნავს, რომ რეგიონში ნატო-ს გაძლიერება უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აძლიერებს სამხედრო ყოფნას ამ რეგიონში, ნატო-ც აძლიერებს ყოფნას შავ ზღვაზე, რომელიც ალიანსის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული არეალია. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვაო ძალების წარმომადგენლობაზე, ასევე, სახმელეთო კომპონენტზე. კერძოდ, რუმინეთში მულტინაციონალურ ბრიგადაზე, ასევე, ნატო-ს საჰაერო პატრულირებაზე. ამასთანავე, შავ ზღვაზე საჭიროა სიტუაციის უკეთესი ცოდნა და ანალიზი. ეს არ ნიშნავს ვინმეს პროვოცირებას. ჩვენი მიზანია მეტი მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში,“ - განაცხადა ილდემმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ ნატო-მ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნომრების უკიდურესი დარღვევად შეაფასა.

 

დღის ამბები