სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო ერთ კვირაში 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები ამხილეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი მოწმის სახით პოლიციაში გამოიკითხა. დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადსხვა ასაკის ქალბატონებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.