სამეფო ქორწილი - მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ჯვრისწერა უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შედგა.
მეგან მარკლი უინძორის სასახლეში სამეფო როლს როისითა და მხოლოდ ხელისმომკიდეების თანხლებით მივიდა.
36 წლის ამერიკელ მსახიობს ჟივანშის მოდის სახლის მთავარი დიზაინერის, კლერ უეით კელერის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. ელეგანტურ კაბას შეხამებული ჰქონდა 5-მეტრიანი ფატა, რომელზეც სიმბოლურად თანამეგობრობის წევრი 53 ქვეყნისთვის დამახასიათებელი ყვავილები იყო ამოქარგული.
პრინც ჰარის რჩეულს დედოფლის მიერ მიცემული ბრილიანტებით გაფორმებული დიადემაც ამშვენებდა.
მეგან მარკლს სულ 10 ხელისმომკიდე ჰყავდა, რომელთა ასაკიც 8 წელს არ აღემატებოდა. პატარძალს უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პრინცი ჩარლზი დახვდა.
სამეფო წყვილმა ქორწინების აღთქმა 600 საპატიო სტუმრის თანდასწრებით დადო.
მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ერთგულების ფიცის ტექსტში მორჩილების პირობა არ ყოფილა. სამეფო ტრადიცია დაარღვია პრინცმა ჰარიმაც, რომელმაც საქორწინო ბეჭდის ტარების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯვრისწერის ცერემონიის დროს სამეფო გუნდმა ცნობილი დირიჟორის, კარენ გიბსონის ხელმძღვანელობით, ბენ კინგის ცნობილი ჰიტიც შეასრულა. მედიის შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შეუღლებას ტრადიციული სამეფო ქორწილებისგან განასხვავებდა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ერთმანეთს ტაძრის კიბეებზე აკოცეს, რასაც ეზოში შეკრებილების ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ წყვილმა უინძორის ისტორიულ ქუჩებში ღია ეტლით გაისეირნა და უინძორში ჩასულ ათასობით თაყვანისმცელემს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯვრისწერაზე მიწვეულ 600 სტუმარს შორის არ ყოფილან პოლიტიკოსები, თუმცა, იყო უამრავი ვარსკვლავი. მათ შორის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯორჯ და ამალ კლუნები, ელტონ ჯონი, ოპრა უინფრი და სერენა უილიამსი.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაოჯახებას უახლოესი მეგობრების გარემოცვაში დღის ბოლოს კიდევ ერთხელ აღნიშნავენ.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი