06 ოქტომბერი 2024,   07:59
ვრცლად
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა

აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 24 მაისს აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ (David Perdue) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი), ბენ კარდინმა (Ben Cardin) (დემოკრატი -მერილენდის შტატი) და ჯონი იზაკსონმა (Johnny Isakson) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი) წარადგინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას. 

„აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ევროატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დიდ წვლილს. რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიული განვითარების, პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით. აღიარებულია საქართველოს მთავრობის რეფორმები კანონის უზენაესობის, მედიის გამჭვირვალობისა და თავისუფლების, მთავრობის ანგარიშვალდებულების, სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების უზრუნველყოფის კუთხით.

"აშშ-ის კონგრესი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რეზოლუცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხო მომავალს. 

"ამასთან, აშშ-ის კონგრესი გმობს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და ხაზს უსვამს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების ნეგატიურ შედეგებს. სენატი აღნიშნავს, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს შეზღუდული აქვს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლება. რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობას და გმობს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს. დოკუმენტი ასევე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის ორპარტიულ რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თაობაზე“.

"აშშ-ის კონგრესი ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას. რეზოლუცია აღნიშნავს ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დღის ამბები