06 ოქტომბერი 2024,   07:39
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - კურიერმა კიდევ ერთი ექსკლუზიური მასალა მოიპოვა

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - კურიერმა კიდევ ერთი ექსკლუზიური მასალა მოიპოვა. ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებით, ის 51-ე სკოლასთან სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა, მანამდე კი მიხეილ კალანდიას ბუკიას ბაღთან შეხვდა. სწორედ იქ შეიტყო მიზეზი, რის გამოც ყოფილმა სკოლელმა კალანდიამ მათი დახმარება ითხოვა.

ბრალდებულის ჩვენებით, მიხეილ კალანდიამ მას ტაქსში უთხრა, რომ დეიდაშვილის მჩაგვრელებთან დასალაპარაკებლად მიდიოდნენ და იქ მათი სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეუერთდებოდნენ.

ბრალდებულის მონათხრობში 51-ე სკოლასთან მისვლის შემდეგ მოვლენები უკვე ბევრჯერ მოსმენილი სცენარით განვითარდა. მოზარდებმა ჯერ სკოლასთან ისაუბრეს, შემდეგ კი 25-მდე არასრულწლოვანი ხორავას ქუჩაზე ავიდა. ბრალდებულის ჩვენებით, საქმე შერიგებისკენ მიდიოდა, როდესაც სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა.

თითქმის 6-თვიანი დუმილის შემდეგ ბრალდებულმა სასამართლოში დეტალურად აღწერა, რა ხდებოდა ხორავა ქუჩის ბნელ ფარდულში, ვინ იყო შიგნით.

ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებით, მან ფარდულში შესვლა ვერ მოასწრო, რადგან ეზოში პარალელურად რამდენიმე ჩხუბი მიმდინარეობდა და დახმარება მის სხვა მეგობრებსაც სჭირდებოდათ.

მისი მონათხრობით, ფარდულის შემდეგ მასთან ერთად იყვნენ მიხეილ კალანდია და სხვა ბიჭები. არ დამალა, რომ ჰქონდა დანა, თუმცა, დაასახელა სხვა მოზარდებიც, ვინც დაპირისპირებისას ცივი იარაღს იყენებდნენ. მათ შორის არიან მოწმეები, რომლებმაც ფიცის ქვეშ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცეს, თუმცა, დანის გამოყენების ფაქტი დამალეს.

ბრალდებულმა დაკითხვისას პირველად დაადასტურა, რომ სისხლიანი დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოზარდი მათი მხრიდანაც დაიჭრა. ამ ფაქტს პროკურატურა დღემდე არ ადასტურებს. ასევე მოყვა, რომ ხორავას ქუჩიდან გაქცევის შემდეგ, მიხეილ კალანდია მისი დანით კიდევ სადღაც იყო წასული.

ბრალდებულმა დაკითხვისას სხვა არაერთ აინტერესო დეტალზეც ისაუბრა. მისი პასუხით, გასული წლის პირველ დეკემბერს, მინიმუმ, 4 არასრულწლოვანი ცივი იარაღით ჩხუბობდა. ეს გარემოება კი პროკურატურის დღემდე არსებულ ვერსიას ეწინააღმდეგება.

დანების რაოდენობაა ერთ-ერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა უნდა გასცენ.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა უკვე ჩაატარეს არაერთი ტესტი და საგამოძიებო ექსპერიმენტი. დანები და მიღებული მონაცემები ტანსაცმლის დაზიანებებს შეადარეს, თუმცა, საბოლოო დასკვნის სასამართლო განხილვამდე მიღებულ შედეგებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ.

ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა სასამართლოში უკვე წარადგინა ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვამ. დეტალებს ჯერ არ ასაჯაროვებენ, თუმცა ცნობილია, რომ ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტების მომზადებული დოკუმენტი პროკურატურის ვერსიას გამორიცხავს. დღეს სასამართლო დარბაზში დაცვის და ბრალდების მხარეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები