11 ათასი მოსწავლე წელს ატესტატის გარეშე დარჩა. 1500-მდე სკოლაში საატესტატო გამოცდები 49 ათასმა მოსწავლემ ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველმა მეხუთემ მინიმალური ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.
მოსწავლეებისთვის ყველაზე რთული წელსაც მათემატიკისა და უცხო ენის გამოცდა აღმოჩნდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ჩაიჭრა 3%, უცხო ენასა და მათემატიკაში 12 -12%, ისტორია კი მოსწავლეთა 4%-მა პროცენტმა ვერ ჩააბარა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ 11 ათას ჩაჭრილს შორის არიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც სკოლის დამთავრება და ატესტატის მოპოვება წინა წლებშიც ვერ შეძლეს და წელს გამოცდები ხელახლა ჩააბარეს. გასულ წელსაც საატესტატო გამოცდებში 11 ათასამდე მოსწავლე ჩაიჭრა.
განათლების პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ დეტალური მონაცემები ბევრად საგანგაშოა. განათლების ექსპერტებისთვის საატესტატო გამოცდები ის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც სასკოლო განათლების სისტემურ პრობლემასა და მისი რეფორმირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლიდან წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას 2500-მდე ახალგაზრდა გეგმავდა.