სამეგრელოში, სოფელ პირველ მაისში მომხდარი მკვლელობის მიზეზების დასადგენად სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ერთმა ახალგაზრდამ ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.
ამ წუთებში სამივე მოკლული ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სამი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების ოჯახში ნახეს. მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილები მეგობრები იყვნენ და გოგიტა ფარცვანიასთან სადილობდნენ, როცა მკვლელობა მოხდა.
ცნობილია, რომ გოგიტა ფარცვანია დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
„სადილი გაუშლია დედამისს, რომ წამოვიდა მაღაზიაში, ლუდი მოგვიტანეო და ამ დროს მოხდა, თურმე, გასროლა. დედამისი წივილ-კივილით შევარდა და სამივე მკვდარი ეგდო. დედამ თქვა, გასროლის ხმა გავიგეო და წივილ-კივილით შევარდა იქ,“- განაცხადა ფარცვანიების მეზობელმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.