21 დეკემბერი 2024,   17:45
ვრცლად
არ მინდა, ვიცხოვრო შურისძიების საშინელი წყურვილით - ლომარ ნიგურიანის მამიდაშვილი პარლამენტის წინ იმყოფება

ლომარ ნიგურიანის მამიდაშვილი, ნარგიზა ნიგურიანი, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის სოლიდარობას უცხადებს სარალიძეების და მაჩალიკაშვილების ოჯახს.

ნარგიზა ნიგურიანის თქმით, დღემდე გაურკვეველია ლომარ ნიგურიანის საქმის ბედი.

„25 დეკემბერს, დღისით, დაბა მესტიაში, საკუთარი სახლის ეზოში ჩაცხრილეს ჩემი ბიძაშვილი, ლომარ ნიგურიანი. საკრებულოს წევრი გახლდათ, ის თავის ვაჟიშვილს გადაეფარა. მე არ მინდა, ვიცხოვრო შურისძიების საშინელი წყურვილით, მე მინდა, ზეიმობდეს სამართალი, მაგრამ, სამწუხაროდ, სამართალი ოჯახმა, ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვეთ და დღემდე გაურკვეველი ამ საქმის და დანარჩენი ყველა იმ საქმის ბედი, რასაც ამ დღეებში ვისმენთ ტელეეთერით,“ - განაცხადა ნიგურიანმა.

მესტიის საკრებულოს წევრი და ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლომარ ნიგურიანი, 25 დეკემბერს მესტიაში მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა მეზობლებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნიგურიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დღის ამბები