21 დეკემბერი 2024,   18:07
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - მირზა სუბელიანს შეხება ჰქონდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებთან

კურიერის ექსკლუზივი - მირზა სუბელიანს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელად მუშაობის დროს პირდაპირი შეხება ჰქონდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებთან.

კურიერმა მოიპოვა დოკუმენტები მირზა სუბელიანის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ სუბელიანს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელად მუშაობის დროს პირდაპირი შეხება ჰქონდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებთან.

2014 წლის 3 იანვარს მირზა სუბელიანმა შს სამინისტროში გააგზავნა წერილი და მოითხოვა მატროსოვის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და გულუას მოედანზე მდებარე ყველა კამერის ჩანაწერის გადაცემა. ირკვევა, რომ ჩანაწერები შს სამინისტრომ სუბელიანს გადასცა.

13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკური სამსახურის უფროსმა სუბელიანს მისწერა, რომ დალუქული კონვერტით უგზავნიდა 9 კამერის ჩანაწერს. კურიერის მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ჩანაწერები სუბელიანს გადაეცა.

სუბელიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ნამდვილობას ვანო მერაბიშვილი ადვოკატი, ოთარ კახიძე, ადასტურებს და ამბობს, რომ ის ევროსასამართლოში გაგზავნილ ამ საქმეში დევს. ოთო კახიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ მირზა სუბელიანი იყო პირი, რომლის ხელშიც ჩანაწერებს უნდა გაევლო.

ზვიად კუპრავა დარწმუნებულია, რომ სწორედ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეა ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის კადრების საფასური. ის ფიქრობს, რომ მირზა სუბელიანი მაღალჩინოსნებს აშანტაჟებს. კუპრავას მტკიცებით, კომუნიკაცია მერაბიშვილის კადრებთან დაკავშირებით სუბელიანის სიმამრთან, ბორის კაკუბავასთანაც, ჰქონია.

მირზა სუბელიანის სახელი აქტუალური 2017 წლის 1 დეკემბერს გახდა, როდესაც გაირკვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხადარ დაპირისპირებაში მისი ოჯახის წევრები, მიხეილ და ლუკა კალანდიები, მონაწილეობდნენ.

მირზა სუბელიანს მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე, საქმის მასალების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც პროკურორ მირზა სუბელიანის შვილს სკოლაში თანატოლებთან კონფლიქტი მოუვიდა, მას დასახმარებლად დეიდაშვილებს, მიხეილ და ლუკა კალანდიებს, მიმართა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებით, რომელიც კურიერმა მოიპოვა, დგინდება, რომ მირზა სუბელიანის შვილის გამო დაწყებულ კონფლიქტში უშუალოდ მონაწილებდა სუბელიანის ცოლის დისშვილი და ის მოკლულ დავით სარალიძეს ბნელ ფარდულში ურტყამდა.

სუბელიანის ოჯახის არცერთი წევრისთვის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი არ წაუყენებია.

საქმის მასალებში დევს კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მირზა სუბელიანის ოჯახის წევრებმა მტკიცებულები გაანადგურეს. ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ პეკინის ქუჩაზე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მისვლის შემდეგ, მისი ოჯახის წევრმა, ლუკა კალანდიამ, მტკიცებულები განადგურების მიზნით, ეზოში მდებარე საკანალიზაციო ჭაში ჩაყარა.

კურიერს აქვს კიდევ ერთ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი, სადაც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გასამართლებული პირი ყვება, რომ მას მიხეილ კალანდია მირზა სუბელიანის დახმარებით მკვლელობის საქმის მოგვარებას დაჰპირდა.

2012 წლამდე მირზა სუბელიანი რუსთავისა და მარნეულის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ის დააწინაურეს და სასჯელთაღსრულების ახალმა მინისტრის, სოზარ სუბარის, პირადი გადაწყვეტილებით სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა. შესაბამისად, ციხეების კონტროლი მის ხელში გადავიდა. მაშინ ამ თანამდებობაზე სუბელიანის დანიშვნას ქართული ოცნების მხარდამჭერთა პროტესტი მოჰყვა.

დღის ამბები