09 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"არ მგონია, კომისიამ საზოგადოებაში ნდობა დააბრუნოს" - დროებით საგამოძიებო კომისიაზე "ქართულ ოცნებაში" შეკითხვები აქვთ

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის დამტკიცებამდე დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. პარლამენტის წევრებმა საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხი განიხილეს.

„ქართული ოცნების“ წევრ დავით ჭიჭინაძეს კითხვები აქვს თუ რატომ უნდა იყვნენ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაში ოპოზიცია, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“. 

„მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საზოგადოებაში ნდობა დააბრუნოს. ამიტომ მაინტერესებს და კითხვას ვსვამ, რა პრინციპით იქნა შერჩეული ეს ადამიანები, რომელმაც იმის მაგივრად საზოგადოებაში ნდობა გააჩინონ, უკურეაქციას გამოიწვევენ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს. პარტიაში ამბობენ, რომ კომისიის შექმნა პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. 

„მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ერთსულოვნად ჩააგდეთ, ახლა მეორე კომისიას უჭერთ მხარს. რომ წარმოვადგინოთ ხელახლა, დაუჭერთ თუ არა მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს, რატომ ხდება კომისიის შექმნის სელექციური შერჩევა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი მიაჩნიათ, რომ ყველა შესაძლებელი სივრცე და ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოაშკარავდეს.

ოპოზიციის განცხადებებს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უპასუხეს. 

„პარლამენტში პატარა ჯგუფს სურვილი აქვს და ამ სურვილს არ მალავს, რომ ქვეყანაში მოეწყოს არეულობა. გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა, ან ამ თემაზე მუშაობა შეგვიყვანს იქამდე, რომ კომისიის შექმნის ნაცვლად, ვილაპარაკებთ იმაზე, რა პოლიტიკური განსხვავებაა ჩვენ შორის,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები