21 დეკემბერი 2024,   15:58
ვრცლად
გაუპატიურების მუქარა აღიარებითი ჩვენების მისაღებად - 21 წლის ბრალდებული პოლიციას ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

21 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს. ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ჭანია ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, სწორედ სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა.

მისი თქმით, 6 საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

გიორგი ჭანია ამბობს, რომ მას ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი ყაჩაღობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ჭანია მასზე განხორციელებულ ზეწოლას დაკავებამდე ერთ-ერთ პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. მისი მტკიცებით, გაუპატიურების მუქარამდე დეტექტივ-გამომძიებლები მას თანამშრომლობას და პოლიციის ინფორმატორობას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი ის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი ჭანიასთან ერთად უმძიმეს დანაშაულში ბრალი მის მეგობარ ხვიჩა პაპავასაც წარუდგინეს. დაკავებულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღიარებითი ჩვენება ბრალდებულისგან პოლიციამ ძალადობის გზით მოიპოვა.

გიორგი ჭანიას და ხვიჩა პაპავას გამოძიება სენაკში 5 აპრილს მომხდარ ყაჩაღობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით ახალგაზრდებმა მეზობელს თანხა 48 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს. თავად დაზარალებულმა პროცესზე ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ მტკიცებულებების არ არსებობის გამო უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები სასმართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ავტორი: ემა გოგოხია.

დღის ამბები