21 დეკემბერი 2024,   16:46
ვრცლად
კიბერდანაშაული და საქართველოში გათეთრებული ფული - შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან შალელაშვილი ივანიშვილის დახმარებით ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

შოთა შალელაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა მის მიმართ რასისტული განცხადებებიც გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა -სიტყვით აფერისტი და რუსი ებრაელი მიწოდა. ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებით, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაელ საზოგადოებას. ამ სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. მე ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურას სააკაშვილის წინააღმდეგ,“-განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

რაც შეეხება მისი შვილის დაკავებას, რომელსაც აშშ-ში ერთ-ერთ გახმაურებულ ჰაკერულ დანაშაულში ედება ბრალი, შალელაშვილის ადასტურებს, რომ ის ამ საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსით იმყოფება, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

„რაც შეეხება ჩემი შვილის შესახებ, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი აშშ-ში კიბერთავდასხმაში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და ველით სასამართლო გადაწყვეტილებას და ყველა ჩვენი მონაცემებით ვფიქრობთ, რომ ის იქნება გამართლებული,“-განაცხადა შოთა შალელაშვილმა

შოთა შალელაშვილი გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "ქართუ ბანკში" მისი ანგარიშები დაყადაღებულია. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ ანგარიშზე დადებული ყადაღა მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც მოიხსნა და მას თანხა სრულად დაუბრუნდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შოთა შალელაშვილს, საერთაშორისო მაფიის ფულის გათეთრებასა და რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს.

სააკაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მსხვილ ჰაკერულ თავდასხმაში, რომელიც უდიდეს კიბერძარცვად ითვლება, „ქართული ოცნების“ წევრის შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა. საუბარია დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარზე, რომელიც სააკაშვილის თქმით საქართველოში შემოდიოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.

დღის ამბები