21 დეკემბერი 2024,   17:23
ვრცლად
გადადგეს თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი - საპროტესტო აქციები თბილისში

გადადგეს თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი - ამ მოთხოვნით თბილისში დღეს რამდენიმე აქცია გაიმართა და მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

ოპოზიციის წევრები ხორავას ქუჩის მკვლელების მაღალჩინოსან მფარველებზე საუბრობენ და სისტემური კრახიდან გამოსავალს მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომაში ხედავენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს უწყებასთან შეიკრიბნენ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, დანაშაულის დაფარვის მუხლით, მინისტრი სუბარის წინააღმდეგ გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.

ოპოზიციის წევრები მინისტრს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე პირებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებენ. 

აქცია-პერფორმანსი დღეს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უმოკლეს დროში დააკავონ, როგორც მკვლელობაში მონაწილე, ასევე, ამ დანაშაულის დაფარვაში მონაწილე პირები.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ. „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტები“, პარტია „თავისუფლება“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიცია ლევან მურუსიძის, იუსტიციისა და საპროკურორო საბჭოს გადადგომასაც ითხოვს.

თეა წულუკიანის, ლევან მურუსიძის, იუსტიციისა და საპროკურორო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც დაიწყებენ.

ოპოზიციის მოთხოვნებს დღეს არც წულუკიანის და არც სუბარის უწყებამ არ უპასუხა.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები