21 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სახალხო დამცველი საგამოძიებო კომისიის მუშაობას მონიტორინგს გაუწევს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე სახალხო დამცველი და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ითანამშრომლებენ და ინფორმაციას გაცვლიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება ომბუდსმენსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. ]

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მან მიიღო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის საქმიანობა სახალხო დამცველისთვის იქნება გახსნილი.

„სახალხო დამცველი დააკვირდება რამდენად სწორად იძიებს საგამოძიებო კომისია აღნიშნულ საქმეს და ასევე შეაფასებს მის საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავცვლით ინფორმაციებს, ვფიქრობ, რომ ორი პარალელური შესწავლა იქნება მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ  მისი წარმომადგენლების მხრიდან მოსმენილი შუალედურმა დასკვნებმა მას გაუჩინა ეჭვები, რამდენად იყო  სწორად წარმართული გამოძიება.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საქმის შესწავლას უკვე ხვალიდან დაიწყებს. როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, მანამდე ის გამართავს შეხვედრას ყველა იმ პირთან ვინც ჩართულია ამ საქმის გამოძიებაში.

"ჩვენი ამოცანა არის, რომ  პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ პირველი სხდომა ხვალ გვექნება. მაგრამ მანამდე, რათა დრო არ იყოს დაკარგული ჩვენ ვხვდებით ყველა იმ აქტორს რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული ან ჩართული ამ პროცესში. სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა ბატონ ზაზასთან და სახალხო დამცველთან,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 




დღის ამბები