„ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლება არ მოქმედებს დამოუკიდებლად, სისტემურად მოქმედებს შეთანხმებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
ნიკა მელიას განცხადებით, ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე პასუხი მმართველი გუნდის დეპუტატებმა უნდა აგონ.
„როგორც მოუწია მარნეულის მერს საზოგადოების ზეწოლის შედეგად გათავისუფლება და მათი დაკავება მოუწია, როგორც შოთაძის გადაყენება მოუწია ბიძინა ივანიშვილს, როგორც მთავრობის დათხოვნა მოუწია ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ახლა ახალი სახეებით და გვარებით აპირებს ავანსცენაზე გამოიყვანოს მავანი, ეს ძალიან დროებითი იქნება. ასე მოუწევს ყველა იმ მოძალადე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვინც ხელი აღმართა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ მოძალადე დეპუტატებს მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას არ აკისრებს.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს პროვოკაციებში ადანაშაულებენ.
ოზურგეთში აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავებმა საკრებულოს დეპუტატები საკუთარ კაბინეტებში არ შეუშვეს.
ენმ-ის წევრები შიმშილობის დაწყებას საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
აქციის მონაწილეები ოზურგეთის საკრებულოში სამანდატო კომისიის სხდომის ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, დეპუტატებს, რომლებმაც ბესიკ ქათამაძეს სცემეს მანდატები უნდა ჩამოერთვათ.
ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე, ოზურგეთის საკრებულოსთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზება მოხდა.