21 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები - სამინისტროების დასახელებები, რომლებიც გაერთიანდებიან ცნობილია

სტრუქტურული ცვლილებები და გაერთიანებული სამინისტროები - უკვე ცნობილია იმ უწყებების დასახელებები, რომლებიც სამინისტროების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში გაერთიანდებიან. იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო უერთდება სახელი არ ეცვლება. ჯანდაცვის სამინისტროს სახელი კი იმის გამო, რომ მას დევნილთა უწყება უერთდება, გახდება იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო.

კულტურის სამინისტროს გაუქმების შედეგად კი განათლების სამინისტროს განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერქმევა.

მთავრობას 150 კანონში შესატანი ცვლილებები უკვე მზად აქვს.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტებებს ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვაზეც აკეთებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ბიუროკრატიული ხარჯები არ გაიზრდება. საპარლამენტო უმრავლესობა ეკონომიკურ ზრდაზეც საუბრობს. 

„მაშინ როდესაც არის ეკონომიკური ზრდა, შიდა პროდუქტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა , აი ამის ადმინისტრაციული მომსახურება ეკონომიკის არ იქნება იმავე პროცენტით, რაც ახლა გვაქვს 2018 წელს. თუ არ ვცდები 4.2 პროცენტია. შესაბამისად ზრდის პირობებში ეს პროცენტი მნიშვნელოვნად დაიწევს. აქედან გამომდინარეობს იმ თანხების გაჩენაც ბიუჯეტში, გამოთავისუფლება ბიუჯეტიდან უფრო სწორად რომელიც გამოიყენება. რა საკვირველია კაპიტალიზაცია მოხდება და სოციალურ სფეროში იქნება გამოყენებული,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მცირე მთავრობის ეფექტურობაზე საუბრობს დიმიტრი ხუნდაძე და აცხადებს, რომ სტრუქტურული ცვლილებები არ გულისხმობს დასაქმებული ადამიანების სახლში გაშვებას.

„თანხების დაზოგვა  არ უნდა მოხდეს და არც მოხდება კონკრეტული დასაქმებული პირების გაშვებით. არამედ უნდა მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მე ვფიქრობ ის 4 %-ზე ნაკლები უნდა იყოს ვიდრე დღეს არის,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მთავრობის მმართველობითი ხარჯების შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას კობა ნარჩემაშვილიც. დეპუტატის განცხადებით, გარდა იმისა, რომ დაიზოგება მთავრობის შენახვისთვის განკუთვნილი ხარჯები, ასევე მოხდება ბიუროკრატიული თანხების შემცირებაც.

„მიზნობრივი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დაახლოებით 5-6 % -ის ფარგლებში იქნება. მთლიან შიდა პროდუქტის ზრდის კვალობაზე  არ იქნება გაზრდილი მთავრობის შენახვის და ბიუროკრატიული ხარჯები და აქ არ იგულისხმება მხოლოდ სამინისტროები. საერთოდ, ასე ვთქვათ მმართველობითი ხარჯები,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

 

დღის ამბები