21 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
თვეში 5 ათასი ლარი - ფოთის საკრებულოს ოპოზიცია დეპუტატებისთვის საწვავის რაოდენობის ზრდას აპროტესტებენ

ფოთის საკრებულოს ოპოზიცია დეპუტატებისთვის საწვავის ხარჯის ზრდას აპროტესტებენ. ტრანსპორტის ხარჯი თვეში 5 ათასი ლარით გაიზარდა. დადგენილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა.

ოპოზიციის განცხადებით მაშინ, როცა ქალაქში ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ხელისუფლება საკუთარ კომფორტზე არ უნდა ზრუნავდეს.

„იმის ნაცვლად, რომ ხალხზე იფიქრონ და ესეთი მძიმე სოციალური ფონისთვის რაღაც ხელსაყრელი მისცენ ხალხს და  შეუმსუბუქონ მდგომარეობა, თავიანთ ფუფუნებაზე ფიქრობენ. ყოველთვიურად, 5 ათასი ლარით გაიზარდა საწვავი. არაფერს არ აკეთებენ და რაში ხარჯავენ ამ საწვავს ძალიან მაინტერესებს,“ - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

განმარტებები გააკეთა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ.

„რაოდენობა გაიზარდა საკრებულოს წევრები, ბიუჯეტში არ იყო ეს გათვალისწინებული და შესაბამისად, მოხდა ცვლილება. კონკრეტული ლიმიტი არ გაზრდილა თითო პიროვნებაზე, გაიზარდა ზოგადად, საკრებულოს მუხლში დაფინანსება, იმიტომ რომ არ იყო წლის დასაწყისში გათვალისწინებული სრულად,“ - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

დღის ამბები