21 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე და უშუალო თვითმხილველი, რომელიც გამოძიებას არ დაუკითხავს - საქმის ახალი დეტალები

ხორავას სისხლიანი ტრაგედიის გამომძიებლებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში კიდევ ერთი მძიმე დაკითხვის დღე ელოდებათ. საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხორავას 4 ნომერში გამოკითხეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, წითელი ჯიპის მძღოლი, რომელიც მოზარდების ჩხუბს თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს და მომხდარის ყველა დეტალი იცის.

მოწმესთან გასაუბრების შემდეგ კომისიის წევრებმა გაარკვიეს, რომ ის პოლიციამ პირველ დეკემბერსვე გამოკითხა, თუმცა საქმის მასალებში შესაბამისი ოქმი არ დევს.

სამართალდამცველები ამ დრომდე არ დაინტერესებულან ხორავას 4 ნომერში მცხოვრები ქალით, რომლის ბინიდანაც ფარდული ჩანდა.

ნელი ზამბახიძე ამბობს, რომ გასული წლის პირველ დეკემბერს დაინახა, როგორ ურტყამდნენ მოზარდს, დავით სარალიძეს. ნელი ზამბახიძე სარალიძის მკვლელობის უშუალო თვითმხილველია, ჩხუბის დასაწყისი არ დაუნახავს, მაგრამ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თვალს ბოლომდე ადევნებდა. ნელი ზამბახიძე პოლიციას დღემდე არ დაუკითხავს, არ იცის რატომ.

ორი მოზარდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის წევრები ხორავას ქუჩის 4 ნომერში 3 საათზე მეტ ხანს მუშაობდნენ, თუმცა ნელი ზამბახიძე დღეს არც მათ გამოუკითხავთ.

მოზარდების მკვლელობის თვითმხილველებთან გასაუბრების შედეგად საგამოძიებო კომისიის წევრებმა საქმის ახალი დეტალებიც გაარკვიეს. გაიგეს რომ ფარდული, სადაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ხორავას ქუჩის 4 ნომერის მცხოვრებლებმა არა თვითნებურად დაანგრიეს, როგორც ამას საქმის გამომძიებელი და პროკურორი ამტკიცებდნენ, არამედ პოლიციასთან შეთანხმებით.

კიდევ ერთი ახალი დეტალი უშუალოდ მოზარდების დაპირისპირებას უკავშირდება. დეპუტატებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, პირველი დეკემბრის ინციდენტს შესაძლოა კიდევ ერთი დაზარალებული ჰყავდეს. ხორავას 4 ნომრის მცხოვრებლების ნაწილთან გასაუბრების შემდეგ კომისიის წევრები ამბობენ, რომ წინასწარ გამოძიებას ხარვეზები ჰქონდა.

კომისიის წევრები შემთხვევის ადგილზე მუშაობას უახლოეს დღეებში გააგრძელებენ. ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კი შეკითხვებს შაბათს ისინი საქმის გამომძიებელს დაუსვამენ.

დღის ამბები