საჩხერის რაიონის სოფელი სავანე ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. მოსახლეობა ადგილზე ქვიშის კარიერის მუშაობას აპროტესტებს.
საცხოვრებელი სახლების წინ ქვიშით დატვირთული მძიმე ტექნიკა უწყვეტად მოძრაობს. სავანეში ამბობენ, რომ სოფელში ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
იცქიშის ქვიშის მოპოვების ნებართვა ადგილობრივმა კომპანიამ წელს მიიღო. მოსახლეობამ წარმოება პირველივე დღიდან გააპროტესტა, თუმცა კომპანია სამშენებლო მასალის მოპოვებას მაინც აგრძელებს. ამის გამო, დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლას ვერც პატარები ახერხებენ და ვერც დიდები, სოფელში ქვიშის მტვერი იფრქვევა. სავანეში ჩივიან, რომ მტვრით დაბინძურებული ჰაერის გამო მოსავლის აღებაც შეუძლებელია.
ეკონომიკის სამინისტრომ წელს ამ ტერიტორიაზე ქვიშის მოპოვებისთვის 28 ლიცენზია გასცა. კარიერი ჯერ მხოლოდ შპს იცქიშის ქვიშას აქვს მოწყობილი, ლიცენზიის სხვა მფლობელები ამბობენ, რომ იცქიშის ქვიშის მსგავსად ისინიც გეგმავენ წარმოებას. ეს კი, წინასწარი გათვლებით სოფლის ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
თუკი სოფელში იცქიშის წარმოება გაგრძელდება და სხვა ლიცენზიების მფლობელებიც დაიწყებენ მის მოპოვებას, ვარაუდობენ, რომ სავანეში მეწყრული პროცესების დაწყება გარდაუვალი იქნება.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი