სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ ფულერტონში ავიაკატასტროფას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შეეჯახა. რამაც შენობაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, მეხანძრეებმა ტერიტორიიდან 200 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში 20 პირი გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა, შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა ქალაქ ფულერტონის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს გამოძიების წინასწარი დასკვნით დგინდება, რომ 4-ადგილიანი თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, 275 მეტრის სიმაღლიდან, საჰაერო მიმოსვლის ოპერატორს აეროპორტში დაუყოვნებლივ დაბრუნების ნებართვას სთხოვდა. აეროპორტიდან მიღებული ნებართვის მიუხედავად, თვითმფრინავმა ტრაექტორია შეცვალა და ახლომდებარე შენობას შეეჯახა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე