05 იანვარი 2025,   18:48
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება - მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობასა და მორიგ არამეგობრულ გზავნილზე საუბრობს

"ქართული ოცნებისთვის", უკრაინელი პოლიტიკოსის გზავნილი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მიხაილო პოდოლიაკის პოზიცია ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესების დამაზიანებელია. მმართველ გუნდში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის დამოკიდებულება არ გაჰკვირვებიათ და პოდოლიაკს მისი წარსული განცხადებებიც შეახსენეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ინტერვიუ ლიეტუვურმა გამოცემამ ჩაწერა. ჟურნალისტმა პოდოლიაკს ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოსთან მიმართებით, რუსეთის დამოკიდებულებაზე დაუსვა. უკრაინელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ არ იქნება და ამას მისივე შეფასებით, ის წინააღმდეგობაც ადასტურებს, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებშია.

უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებებს ოპოზიციაში სრულად იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კიევიდან მიღებული გზავნილები არა შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, არამედ ფაქტების კონსტატაციაა.

საპარლამენტო უმრავლესობამ პოდოლიაკის განცხადებების მიღმა ოპოზიციის დახმარების სურვილი დაინახა. ამბობენ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი აქციების მუხტის გაძლიერებას ცდილობს. საპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყველა მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან ოპოზიციასაც და მათ პოლიტიკურ მხარდამჭერებსაც საზოგადოების ნდობა არ აქვთ.

მიხაილო პოდოლიაკს, ისევე როგორც სხვა უცხოელ პოლიტიკოსებს სახელისუფლებო პარტია ქვეყანაში არსებული ვითარების ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არამეგობრული გზავნილების მიუხედავად, საქართველო უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერია.

 

 

 

 

დღის ამბები