21 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
უკრაინელი პარაპლანისტი, რომელსაც გუდაურში სასტიკად გაუსწორდნენ, სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს

უკრაინელი პარაპლანისტი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ადგილობრივები სასტიკად გაუსწორდნენ, სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და მისთვის და ოჯახისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

ანატოლი მუხაილიუტა სამი კვირის წინ გუდაურში მომხდარ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს და განმარტავ,  რომ ქართველ პარაპლანისტებთან მსგავსი ფაქტები ხშირია.

მისივე თქმით, ინციდენტების შესახებ სამართალდამცველებს აცნობა, თუმცა კონფლიქტი მაინც გრძელდება. უკრაინელი მფრინავი ამბობს, რომ საქართველოში ორწლიანი იჯარა აყოვნებს, თორემ ქვეყანას დღესვე დატოვებდა.

ინციდენტისას ანატოლი მუხაილიუტასთან ერთად დაშავებული მისი ძმა - დიმიტრი სახლში მკურნალობს. პარაპლანისტი ამბობს, რომ უკვე მესამე კვირაა, ხერხემლისა და თავის მძიმე დაზიანებების გამო ვერ დაფრინავს.

უკრაინელი ძმები და კიდევ ერთი ნაცემი უკრაინის მოქალაქე მომხდარი ინციდენტის დამნაშავეების გამოვლენას და ადგილზე მათი უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ სახლიდან გამოსვლის ეშინია ანატოლი მუხაილიუტას ცოლს.

ქართველმა პარაპლანისტებმა „კურიერთან“ საუბარი არ ისურვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაბა გუდაურში საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულ ოთხ პირს 2000 ლარის გირაო შეეფარდა და ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები