21 დეკემბერი 2024,   17:55
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - კამათი ოპოზიციის მხრიდან ჩაშლილ ტენდერებზე საუბარს მოჰყვა

ხმაური და კამათი საკრებულოს სხდომაზე. კამათი ოპოზიციის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხებოდა. საუბარია პარკირებისა და ახალი ავტობუსების შემოყვანაზე.

კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ორი ჩაშლილი ტენდერი ახსენა. ოპოზიციის თქმით, 45 მილიონად თბილისის მერიას უნდა შეეძინა 100 ახალი ავტობუსი, თუმცა, მათ აღნიშნული თანხით ვერ მოახერხეს ამ რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა და ტენდერი მეორედაც ჩაიშალა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე ტენდერი ჩავარდა ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით.

„თქვეს, რომ 25 მილიონ ლარად ჩვენ 100 ავტობუსს ვიყიდითო, შემდეგ ეს ტენდერი ჩავარდა, მერე თქვეს, რომ 100 ვეღარ ვიყიდით, მაგრამ 45 მილიონად 90 შესყიდვას შევძლებთო, ეს ტენდერიც ჩავარდა ორი დღის წინ. ძალიან მარტივი შეკითხვაა, მუდმივად ყველაფერი ჩაუვარდეს დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას, მე არ მგონია ნორმალური,“ - განაცხადა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას ჩავარდნები არ აქვს.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, სადაც მცდელობა გვაქვს, რომ მივიღოთ ისეთი პირობები, მათ შორის, ავტობუსებთან დაკავშირებით, სადაც მორგებული იქნება დედაქალაქს,“ - განაცხადა ზარქუამ.

მეორე ჩაშლილი ტენდერი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს არის მიწისქვეშ პარკინგების ტენდერი. საქმე ეხება მერიის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც ბიზნესმენებს ერთ ლარად უნდა გადასცემოდათ მიწები, სადაც ისინი პარკინგს მოაწყობდნენ.

ამ ტენდერებზე საუბრისას დეპუტატებმა გაიხსენეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შემთხვევა, როდესაც მას სასტუმროს მშენებლობისას პუშკინის სკვერზე ერთ ლარად გადაეცა ტერიტორია მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად.

უმრავლესობის დეპუტატების თქმით, სწორედ მსგავსი პირობებით, სხვა ბიზნესმენებსაც შეთავაზეს მიწისქვეშა პარკირების მოწყობა, თუმცა, მათ ეს შეთავაზება არამოგებიანად მიიჩნიეს და ეს ტენდერი ამიტომაც ჩავარდა.

ოპოზიციონერების თქმით, ივანიშვილს დამატებით გადაეცა ეს ტერიტორია პარკინგის მოსაწყობად და სწორედ ამიტომ იქნებოდა გაცილებით მოგებიანი მისთვის, ვიდრე სხვა ბიზნესმენებისთვის.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი პარკირებასთან დაკავშირებით საუბრობს.

„იგივე პარკირებას, რაც შეეხება, გეუბნებოდით ჩვენ ორი თვის წინ, რომ ამ ინტერესთა გამოხატვას რომ აცხადებთ, ვვარაუდობდით, რომ არავინ შემოვა ამ ინტერესთა გამოხატვაზე. სხვა არის, როცა მილიარდერს, რომელიც აშენებს ბიზნეს ცენტრს და ეს მისთვის მთლიანი პროექტია და ეს პროექტი კარგად აქვს გათვლილი, იქ დამატებითი პარკინგის საშუალებას თუ შევუქმნით ერთ ლარად, აიღებს. სხვას რომ თავაზობთ ამ ბიზნესის გარეშე, რომელსაც არ აქვს ასეთი ბიზნესი და მარტო პარკინგს თავაზობთ, როგორც ბიზნეს, ან გათვლა უნდა მოაყოლოთ ან პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ დაინტერესდეს,“ - განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე, დავით უთმელიძე აღნიშნავს, რომ პუშკინის სკვერთან მიმართებაში დაემთხვა ბიზნესის და მუნიციპალიტეტის ინტერესები.

„თუ ბიზნესმენის ინტერესიც და ჩვენი ინტერესიც დაემთხვა პუშკინის სკვერთან მიმართებაში, ეს ხომ იდეალური გამოსავალია. ბიზნესის და მუნიციპალიტეტის ინტერესი დაემთხვა და განხორციელდა პროექტი. ახლა თქვე იძახით, რომ არ ხორციელდება იმიტომ, რომ ბიზნეს ინტერსი არ არის, ეს ისედაც გრძელვადიან, მოგებიანი პროექტი რთულია, გეთანხმებით,“ - განაცხადა დავით უთმელიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ურთმელიძემ აღიარა, რომ დაემთხვა მუნიციპალიტეტის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს.

დღის ამბები