21 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
კომედია და პოლიტიკური დევნა - მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს

საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მიხეილ სააკაშვილი კომედიად და პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარი მტკიცებულება, მოსამართლე შორენა გუნცაძისთვის პარლამენტს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ჩვენება გახდა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა პუტინის მოკავშირე პოლიტიკოსის ჩვენებას ეყრდნობა და ნინო ბურჯანაძეს სწორედ პუტინის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

მესამე პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ქართულ მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობა პოლიტიკური შურისძიების მოტივით გადაწყვიტა და ჩვენებების მიცემაც რუსეთს პრეზიდენტთან ვიზიტების შემდეგ დაიწყო.

ბრალდების მთავარი მოწმე, ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს და მთავარ პროკურატურას პასუხობს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმეორებს, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება ნამდვილია და ვალერი გელაშვილის ცემის შესახებ დეტალები მას თავად მესამე პრეზიდენტმა უამბო, თუმცა ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ პროკურატურა საბრალდებო დასკვნაში მხოლოდ მის ჩვენებას ეყრდნობა, ეს საგამოძიებო უწყების სრულ კრახზე მიუთითებს.

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც ჯერ მის ოპონენტებად, ახლა კი პროკურატურის ოქროს მოწმეებად იქცნენ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატისთვის ხელისუფლების მთავარ მიზანზე ღიად მიუთითებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური კარიერა ოპოზიციაში, სწორედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მძიმე ბრალდებებით დაიწყო. 2007 წელს, მან ქვეყნის იმდროინდელი პრეზდენტი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დავალების გაცემაში დაადანაშაულა.

პოლიტიკური ბრალდებები, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ ნინო ბურჯანაძესაც და ირაკლი ოქრუაშვილსაც მრავლად გამოუთქვამთ, ახლა შესაძლოა ყველა ახალი საქმის ახალი მტკიცებულება და განაჩენების საფუძველი გახდეს.

გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს ქართულ სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში იცავდა, ბოლო სხდომებს აღარ დასწრებია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, განაჩენის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური დაკვეთების შესრულების გამო ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტი გამოუცხადა.

წინასწარ მიღებული პოლიტიკური განაჩენის გასაფორმებლად, კი ხელისუფლებას 4 წელი და მხოლოდ მოწმეების ჩვენება დაჭირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემაში დამნაშავედ სცნო. მოსამართლე შორენა გუნცაძემ საბრალდებო დასკვნის გამოცხადების დროს განმარტა, რომ განაჩენი პოლიტიკური არ არის და საქართველოს მესამე პრეზიდენტს 6 წლიანი პატიმრობა, კანონის და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიუსაჯა. 

დღის ამბები