21 დეკემბერი 2024,   17:51
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - 6 თვეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მინიმუმ 24 მუშა დაიღუპა

ბოლო 48 საათის განმავლობაში ორი მუშა დაიღუპა. უბედური შემთხვევები ჭიათურასა და გუდაურში გარდაცვლილთა სამუშაო ადგილზე მოხდა. საგანგაშოა ბოლო 6 თვის მონაცემები. ამ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არაზუსტი სტატისტიკით, მინიმუმ, 24 ადამიანია დაღუპული, კიდევ 18 სიკვდილს გადაურჩა, თუმცა სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში 32 წლის ხვიჩა გველესიანი ქვიშის კარიერზე მუშაობისას დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორით კლდის ახალი ქანის მოჭრას ცდილოდა. ქვიშის მასა ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. მემანქანე ადგილზე გარდაიცვალა. ქვიშაში მოყოლილი ტრაქტორიდან ხვიჩა გველესიანის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.

გველესიანმა კარიერზე მუშაობა 2 კვირის წინ დაიწყო. ქვიშის კარიერზე სამუშაოებს კომპანია ”დარკვეთი 2009” აწარმოებს. კომპანიის მენეჯერის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმები ადგილზე დაცული იყო.

36 წლის ხვიჩა ტაბატაძე გუდაურში ტვირთამწის დემონტაჟის დროს დაიღუპა. ტექნიკის მიერ აწეული ტვირთი ჩამოვარდა და მუშას დაეცა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „ფერი“ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

ტაბატაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ობიექტზე დარღვეული იყო შრომის უსაფრთხოების ნორმები. კომპანიის წარმომადგენლები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან.

სამოქალაქო სექტორი ყველა დაღუპულ მუშაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და შრომის უსაფრთხოების ახალი კოდექსის ძალაში შესვლას მოითხოვს.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა ძალაში ამ დრომდე არ შესულა და ჯერჯერობით უცნობია, როდიდან ამოქმედდება.

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, ედიშერ მუშკუდიანი.

 

დღის ამბები