27 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია - პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეიდან საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ, თუმცა მანამდე დეტალურ გრაფიკს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.

მთავრობა ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურომ დღესვე უნდა მიიღოს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

„მივესალმები მოქნილობას, მივესალმები იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ძალიან სწრაფად. დღეს ყველაზე მეტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და მგონია, რომ რეფორმა, რომელიც იქნება დაანონსებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რა თქმა უნდა წაადგება. მხოლოდ ეს ვერ იქნება გარდამტეხი. აქ თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

საკანონმდებლო პაკეტს საბოლოოდ კანონმდებლები კვირის ბოლოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებისგან მნიშვნელოვან შედეგს არ ელოდება.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ უკვე ბევრჯერ ვიხილეთ ე.წ. რეფორმები მთავრობის სტრუქტურაში, როდესაც სამინისტროებს ეცვლებოდათ სახელები ან ისინი თუნდაც ერთიანდებოდნენ, მაგრამ არაფერი ამას სასიკეთო ამას ქვეყნის განვითარებისთვის არ მოუტანიათ. ერთადერთი სიკეთე, რაც შეიძლება მოიტანოს არის ადმინისტრაციული ხარჯის მნიშვნელოვანი შემცირება და ჩვენ დაველოდებით თუ რა განმარტებები მოსდევს ამ ცვლილებებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ მცირე მთავრობის რეფორმას აკრიტიკებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

„ჩვენ ვნახეთ ცვლილებები აღნიშნული ხელისუფლების პირობებში, გაერთიანდა რამდენიმე სამინისტრო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ თუ იქ იყო მინისტრის 3-4 მოადგილე, დღეს ჰყავთ 6 მინისტრის მოადგილე. ორი მინისტრის პორტფელის გაუქმებით, ბიუჯეტს არანაირი ისეთი შედეგი არ ექნება, რომელიც თანხებს გამოათავისუფლებს. თვითონ სისტემაა ხარვეზული,“-ამბობს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები