16 სექტემბერი 2024,   23:12
ვრცლად
"დიახაც,თეა წულუკიანი უნდა დარჩეს"- მმართველი გუნდი მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრემიერთან კონსულტაციებს გეგმავს

„ქართული ოცნება“ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციებს გამართავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, კონსულტაციების შემდეგ პრემიერი დაასახელებს მინისტრთა შემადგენლობას. ვიცე-სპიკერი არ აკონკრეტებეს დარჩება თუ არა თანამდებობაზე თეა წულუკიანი, თუმცა ამბობს, რომ ცვლილებები ძირითადად ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან. ჯერჯერობით არ გვქონია ასეთი და გვექნება უახლოეს  დღეებში კონსულტაციები  პრემიერთან. მე ვფიქრობ, რომ ის წარმოადგენს შემადგენლობას ალბათ ოთხშაბათს, შუა კვირას უნდა ველოდეთ და შემდგომ დაიწყება უკვე საკომიტეტო მოსმენები. ჯერჯერობით შემადგენლობასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ სიახლეებს სწორედ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თეა წულუკიანის მიმართ სიმპათიები აქვს მმართველი გუნდის წევრს მირიან წიკლაურს. მისი თქმით, წავა თუ არა წულუკიანი ეს მთავრობის ახალი შემადგენლობის ავკარგიანობას არ განსაზღვრავს.

„მე თეა წულუკიანის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. იმიტომ რომ ეს იყო მინისტრი, რომელმაც თავის დროზე ჯერ კიდევ  მინისტრობამდე ბევრი იბრძოლა სამართლიანობისათვის. შემდეგ მინისტრობის  პერიოდშიც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო . თუმცა ძალიან ბევრი რამე ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გასაკეთებელი დარჩა და სულ მცირე ნაწილი არ მხოლოდ ამ მიმართულებით გაკეთებული. მაგრამ თეა წულუკიანის წასვლა -არ წასვლა სულაც არ განსაზღვრავს ავკარგიანობას მომავალი მინისტრთა კაბინეტისა. ჩემი აზრით თეა წულუკიანი, დიახაც უნდა დარჩეს,“-განაცხადა მირიან წიკლაური.

კოლეგებისგან განსხვავებით დავით ჭიჭინაძე თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას პოზიცია არ შეუცვლია.

„როდესაც ბატონი კვირიკაშვილი წაბრძანდა და წულუკიანმა თქვა, რომ ის იყო შეცდომა მე მაშინაც შევაფასე, რომ ქალბატონ თეას გარედან უფრო გამოსდის შეფასებები, ვიდრე როდესაც თვითონ პროცესების შუაში იმყოფება,“-განაცადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები