გლდანში „ბეკოს“ მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს სავარაუდოდ 4 არასრულწლოვანი, რომელიც მაღაზიის კარს ამტვრევს და მათ მობილური ტელეფონები გააქვს. მათი ვინაობა დადგენილია, თუმცა ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია 30 მდე მობილური ტელეფონი. მათი ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს
„ბეკოს“ გლდანის ფილიალი ამ თვეში უკვე მეორედ გაქურდეს. მაღაზია 13 ივნისსაც გაქურდეს. დამნაშავეები მაშინაც არასრულწლოვნები იყვნენ.
„დამნაშავეების იდენტიფიცირება პირველ შემთხვევაშიც მოხდა, მაგრამ ვინაიდან არასრულწლოვნები არიან, არანაირი ზომები არ არის მიღებული. თუ აღნიშნული სისტემა არ შეიცვლება, ისინი დანაშაულის ჩადენას გააგრძელებენ. ვზიანდებით კომპანიები, არ ვართ დაცულები ამ შემთხვევაში,“- განაცხადა ”ბეკოს” მარკეტინგის მენეჯერმა, ხატია ტყებუჩავამ.