ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბუქარესტის სამიტიდან და რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების ელჩი ალიანსში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება გაერთიანების წევრი.
მრავალწლიანი პარტნიორობის პირობებში წელს პირველად ხდება, რომ საქართველო ალიანსის სამიტის მუშაობაში უმაღლეს დონეზე მონაწილეობს და ნატო-ს სხვა ლიდერებთან ერთად, საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.
12 ივლისს, ბრიუსელის დროით 08:00 საათზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. ამის შემდეგ კი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით გაიმართება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სამიტის საბოლოო კომუნიკეში საქართველოს შესახებ იქნება საუბარი.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის, თქმით, გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებით ცალკე ერთობლივი განცხადებაც.
„საქართველოსთვის სამიტზე ბევრი სიახლე იქნება. პირველად იმართება უმაღლესი დონის შეხვედრა და მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტი აქ იმყოფება. საქართველო ნახსენები იქნება სამიტის საბოლოო დეკლარაციაში. ასევე, ცალკე მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღიარებული იქნება, რაც დღემდე გაკეთდა. ასევე ჩამოყალიბებული იქნება გეგმა შემდგომი მხარდაჭერის გასაღრმავებლად და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ბრიუსელში უკვე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები. გიორგი მარგველაშვილს ასევე ექნება შეხვედრები ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან.
საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის, ავღანეთის, სირიისა და სხვა თავდაცვის საკითხების პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავარი თემა მომავალ სამიტზე იქნება თავდაცვითი ხარჯები. ნატო-მ დააანონსა, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა დახარჯონ თავდაცვისთვის მშპ-ის 2 პროცენტი.