09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ბორის ნემცოვს დღეს მოსკოვში დაკრძალავენ

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ბორის ნემცოვს დღეს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, პანაშვიდი კი სახაროვის ცენტრში გაიმართება.

დილიდან მოსკოვში ნემცოვის სამგლოვიარო ცერემონიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს. დაკრძალვის ადგილზე 200 პოლიციელი და სპეცრაზმის 100 თანამშრომელი იქნება მობილიზებული.

სამგლოვიარო პროცესიაზე დასასწრებად სტუმრების ჩასვლას უკვე მოჰყვა სკანდალებიც: ლატვიის დეპუტატს ევროპარლამენტში სანდრა კალნეიტეს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

ასევე უარი უთხრეს რუსეთის ვიზაზე პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს ბოგდან ბორუსევიჩსაც, რომელიც პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე კი მთავარი მოწმე ნემცოვის მკვლელობის საქმეში ანა დურიცკაია მოსკოვიდან კიევში უკრაინის საელჩოს დახმარებით გაფრინდა.

ამ დრომდე რუსულ ინტერნეტსივრცეში ბორის ნემცოვის მკველეობის ერთ-ერთ ვერსიად აქტიურად განიხილება ე.წ. ჩეჩნური კვალი. რუსული მედია ასევე წერს, რომ მკვლელობის ორგანიზატორები შესაძლოა ჯოხარ დუდაევის ბატალიონის ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც უკრაინის მთავრობის მხარეს იბრძვიან.

დღის ამბები