03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
წალკის ეკომიგრანტები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მათ დღეს პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ჩააბარეს. მიმართვას ხელს აწერს 800-ზე მეტი ეკომიგრანტი. 3 ათასი ოჯახი მთავრობას საკითხის მოგვარებას და კომპენსაციის გადახდას სთხოვს და ამისთვის ხელმძღვანელობას ორკვირიან ვადას აძლევს.

„წალკის ეკომიგრანტები გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან. ისინი ელოდებიან, დღე-დღეზე როდის გამოასახლებს მათ სახლის ძველი მეპატრონე, რომლებიც ბრუნდებიან საბერძნეთიდან და ითხოვენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს, რომელიც თავის დროზე ამ ხალხმა შეისყიდა, მაგრამ მაშინდელი საბუთების მოუწესრიგებლობის გამო და ალბათ მაშინდელი ხელისუფლების უყურადღებობის შედეგად აღმოჩნდნენ ამ პრობლემის წინაშე,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ნატალია ხოხიაშვილმა.

ეკომიგრანტები წალკის რაიონის გამგებელსაც უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ჯონი საბაძე კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს იცავს და ამ მიზეზით მათი საკითხით არ ინტერესდება.

„ეს პრობლემა დაიწყო 2012 წლიდან, ჯონი საბაძის დანიშვნის შემდეგ. ჯონი საბაძე არის ის პირი, რომელიც გარკვეულ ჯგუფს უჭერს მხარს და უნდა, რომ ქართული მოსახლეობა, ქართული სული მოსპოს წალკაში,“- აცხადებს წალკის რაიონის საკრებულოს წევრი იური მოდებაძე.

დღის ამბები