03 ოქტომბერი 2024,   19:09
ვრცლად
"ეს არის "შატალოზე წასვლა" საპრეზიდენტო უფლებამოსილებიდან" - იაგო ხვიჩია "ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

რატომ არ გამოიყენა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონზე ვეტოს უფლება? "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააბრუნა პრეზიდენტმა დოკუმენტი პარლამენტში ხელმოწერის გარეშე, რადგან, თავადაც არ ეთანხმებოდა ინიციატივის შინაარსს.

"შენ შემოგივიდა კანონი, რომელიც არ უნდა მიიღო, არ ვარგა, ზოგისთვის საერთოდ სასაცილოა, შენც არ ეთანხმები, მიგაჩნია, რომ არ უნდა მიიღოს ამ პარლამენტმა, მიგაჩნია, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს, უსამართლოა, ამ დროს ნაცვლად ვეტოსი, რომელსაც თუ დაადებდი, ეს პარლამენტი ვეღარ დაძლევდა იცი და შემდეგ პარლამენტში არ ველოდებით "ქართული ოცნების" უმრავლესობით მოსვლას და არ იქნებოდა ეს კანონი პირობითად მიღებული, ამის ნაცვლად არაფერს არ აკეთებ, უკან აბრუნებ, აწერს ხელს პაპუაშვილი და ქვეყნდება," - აღნიშნა ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა პრეზიდენტისგან ამ საკითხზე განმარტებას, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს. ამასთან, ხვიჩიას შეფასებით, პრეზიდენტი არასაჭირო საკითხებზე უფრო ამახვილებს ყურადღებას.

"შატალოზე" რის გამო მიდიოდი, რა მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური ნება არის ვეტოს დადება, როცა შენ მოსაზრებას ამბობ და მზად ხარ დაიცვა და შენ უბრალოდ არაფერს არ ამბობ ამასთან დაკავშირებით, ეს არის "შატალოზე წასვლა" საპრეზიდენტო უფლებამოსილებიდან. მე ასე ვუყურებ ამ ისტორიას. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ყველა მისი ნაბიჯი აწყობს "ქართულ ოცნებას" და ეს დალაგებულია წინასწარ, რომ მან ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას და ისეთ სისულელეებში უნდა აიყოლიოს ოპოზიცია, რომელიც არსაით არ მიდის და არაფერი არ მოაქვს შედეგად. მაშინ, როდესაც ოპოზიცია უნდა იჯდეს და ახლა კონსტიტუციას ქმნიდეს როგორც ჩაანაცვლოს კობახიძის კონსტიტუცია და თანხმდებოდეს იმ ფუნდამენტზე, რაზეც მომავალში ქვეყანა დადგება, ხელი მოაწერა რაღაც სულელურ ქარტიას, რომლის შინაარსიც არავინ არ იცის ამ წუთას," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.

 

დღის ამბები