14 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კლებულობს - გიორგი კაკაურიძე

დღეიდან კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება. პროექტით, 2025 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ხარჯვითი ნაწილი 31 მილიარდ 200 მილიონია, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მეტია. პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ით არის დაგეგმილი. მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებით, ბიუჯეტის პარამეტრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიურად სწორი მიმართულებით ვითარდება და ის მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული.

განიხილეს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეკონსტრუქციის საკითხი - როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო მდივანმა განმარტა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 561 მილიონი ლარი, ხოლო ბაღებისთვის - 180 მილიონი ლარი.

"მე ვახსენე 561 მილიონი ლარი მხოლოდ სკოლების ნაწილში, ბაღები დამატებით არის კიდევ 180 მილიონი ლარი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილშია, თუმცა 180 მილიონი ლარის გარდა, უშუალოდ მუნიციპალიტეტების გარკვეული რესურსები მიმართავენ ბაღების რეაბილიტაციაში.

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, არ ვგულისხმობ მცირე რეაბილიტაციას, სრული რეკონსტრუქცია რასაც სჭირდება, ჯამში მოიცავს დაახლოებით 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას," - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ასევე განიხილეს ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის საკითხი.

"საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კლებულობს, ნომინალურად იზრდება, ვინაიდან ჩვენ ჯერ საკმაოდ დიდ საინვესტიციო პროექტებს ვახორციელებთ როგორც საგზაო, წყლის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, შესაბამისად ნომინალში ხდება თანხის აღება. თუმცა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, გვაქვს კლებადი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალთან შედარებით," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები