09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
„იმედი გვაქვს, რუსეთი პასუხისმგებელ ქმედებებს დაუბრუნდება,” - ფედერიკა მოგერინი

„იმედი გვაქვს, რუსეთი პასუხისმგებელ ქმედებებს დაუბრუნდება,” - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესი და სამეზობლო კომისრების პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც იმ ახალ დოკუმენტზე მზადების შესახებ იყო საუბარი, რომელზეც ევროკავშირი იწყებს მუშაობას.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მოგერინიმ ხაზი გაუსვა, რომ ახალი პრინციპები არ იქნება რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული. თუმცა რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

„გადავწყვიტეთ, ოფიციალურად დავიწყოთ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესი. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა. ჩვენი რეგიონი შეიცვალა, იყო რადიკალური ცვლილებებიც და ასევე გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯებიც. მაგრამ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას და თანამშრომლობას, რადგან ურთიერთობების შეფასების პროცესიდან უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგსა და პოლიტიკურ პარტნიორობაზე. უნდა გამოვიყენოთ ყველა პოტენციალი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში რეგიონზე ეფექტური გავლენის მოსახდენად. არ არსებობს ევროპული პოლიტიკა, რომელიც კონფრონტაციას გულისხმობს. შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებთან იყოს ვინმესთვის კონფრონტაციული. ეს არ უნდა გახდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევის საბაბი. ევროკავშირის კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, მაგრამ პატივი უნდა სცე საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მთავარი მოთამაშე რომ გახდე, რაც ყირიმის ანექსიის შემთხევაში არ მოხდა. მაგრამ იმედი გვაქვს, რუსეთი დაუბრუნდება პასუხისმგებელ ქმედებებს,” - აცხადებს ფედერიკა მოგერინი.

ევროკომისიას ახალი პრინციპების შესამუშავებლად 4 თვე აქვს, რაც ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტის საფუძველი იქნება.

დღის ამბები