"ნაციონალური მოძრაობა" ქობულეთში დაუსრულებელი სტადიონების მშენებლობის საკითხის შესწავლას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურას მიმართეს.
რევაზ ხარაზი ამბობს, რომ 2 წლის წინ, ქობულეთის მაშინდელმა გამგებელმა დაუსრულებელი სტადიონები ჩაიბარა და კომპანიას ნახევარ მილიონამდე ლარი გადაურიცხა.
ოპოზიციური პარტიის წევრი ქობულეთის ყოფილ გამგებელს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს სტადიონები დღემდე უფუნქციოა.
ხარაზი პროკურატურას ფაქტის შესწავლისა და თანამდებობის პირების საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს.
„მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აზარალა მუნიციპალიტეტს, ეს ფული არის პრაქტიკულად კორუფციული გზით მითვისებული. საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადასტურონ და დაადგინონ რა გზებით მოხდა ამ თანხების გახარჯვა,“-აცხადებს რევაზ ხარაზი.