20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ამბობთ, რომ არაკომპეტენტური პირი ჩაუყენეთ გამოძიებას? - შს მინისტრის კრიტიკას, რომ საგამოძიებო კომისიამ არასერთიფიცირებული პირები დაკითხა, ბოკერია პასუხობს 

შს მინისტრის გიორგი გახარიას კრიტიკას, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ისეთი პირები გამოიკითხნენ, რომლებიც სერტიფიცირებული არ იყვნენ მოზარდების მკვლელობის საქმეში და გამოძიებაში მონაწილეობას არ იღებდნენ საპარლამენტო ოპოზიცია პასუხობს.

კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრს ახსენებენ, რომ მათ დაიბარეს გამოკითხვაზე ფიფია, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

„როცა ამბობთ, რომ არასწორი ხალხი დაიბარეთო, ფიფია საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ამბობთ, რომ არაკომპეტენტური პირი ჩაუყენეთ?"- მიმართა ბოკერიამ გახარიას.

რაზეც შს მინისტრმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერია ინტერპრეტირებას ახდენდა და განმარტა, რომ ის გულისხმობდა იოსებ სიგუასა და კახა სირაძეს.

„გეუბნებით, რომ საქმეს ჰყავს 5 ოფიციალური გამომძიებელი, ეძახით ერთს და ორ ადამიანს, რომლებიც გეუბნებიან, რომ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია და ამას არ ისმენთ მიუხედავად იმისა, რომ სია თქვენი მოთხოვნის მიხედვით გამოგიგზავნეთ“ - განაცხადა გახარიამ.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა კი მინისტრს სთხოვეს, დაესახელებინა ის პირები, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ არ გამოჰკითხა, თუმცა ისინი ფლობენ საქმეზე ძირითად ინფორმაციას.

„თქვენ ამბობთ,რომ ჩვენ გველოდებით და მანამდე ვერ მოქმედებთ. გვითხარით, ვის აქვს საკვანძო ინფორმაცია, რომელიც ვერ მივიღეთ“-მიმართა ბოკერიამ მინისტრს.

დღის ამბები