დღესვე გავაგზავნით ფეისბუქ მიმოწერის ამონაწერის მისაღებად მოთხოვნას - ასე უპასუხა შს მინისტრმა ოპოზიციის შეკითხვას, თუ რატომ არ ამოიღო გამოძიებამ მკვლელობის შემდეგ მოზარდების "ფეისბუქის" მიმოწერა.
მანამდე კი შს მინისტრმა განმარტა, რომ გამოძიება პირველ ეტაპზე საქმის მონაწილე მთავარი დადგენილი ფიგურანტების დაკავებაზე იყო ორიენტირებული.
„ამოცანა იყო იმ მომენტისათვის დადგენილი ყველა ფიგურანტი ყოფილიყო დაკავებული, ის რომ მათ არ შეძლებოდათ თავი აერიდებინათ გამოძიებისთვის და ამის უზარმაზარი რისკი არსებობდა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მოზარდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ პირდაპირი მცდელობა იყო ხალხის გადამალვის“- განაცხადა გახარიამ.
სერგო რატიანმა შს მინისტრს ჰკითხა, მაშინ, როცა მოზარდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ და მათი ნაწილის ქალაქიდან გაყვანის მცდელობაც იყო, რატომ არ ეცადა გამოძიება მოეპოვებინა ინფორმაცია ყველა საშუალებით, მათ შორის ტელეფონებისა და სოციალური ქსელის საშუალებით.
შეკითხვაზე ახლა თუ მაინც აპირებს შს სამინისტრო მიმართოს საერთაშორისო კომპანიას სოციალური ქსელის მიმოწერების ამოღების მოთხოვნით გიორგი გახარიამ განაცხადა,რომ მოთხოვნას დღესვე გაგზავნის.
"2-3 წუთი დამჭირდება. დღესვე გავაგზავნი და იქიდან მოცემულ ინფორმაციას როგორც კი მივიღებ გაგაცნობთ"- განაცხადა გახარიამ.