პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების დაანონსებას მმართველი გუნდი, სკეპტიკურად უყურებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციურ უფლებამოსილებას სცდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში პარლამენტის როლს უგულებელყოფენ.
„გაუგებარია და ალბათ, ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ ის სათანადოდ ვერ აფასებს პარლამენტის როლს ამ პროცესში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მარგველაშვილს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.
„მე მაქვს პირადად განცდა, რომ პრეზიდენტი გასული არის ხოლმე თავისი კონსტიტუციური ჩარჩოდან, როდესაც ისეთ ფუნქციებს იღებს თავის თავზე, რომელიც არ არის პრეზიდენტის ფუნქცია,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი კი აღნიშნავს, რომ ის პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებს.
„რეგულარულად ხორციელდება მისი უშუალო თანამშრომლების წარდგენა სასამართლო სისტემაში, რაც ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი და სწორი იმ პრინციპთან, რაც გულისხმობს მოსამართლის დამოუკიდებლობას. არ მინდა ვივარაუდო, რომ ადგილი შესაძლოა ჰქონდეს მარგველაშვილის გავლენის სფეროების გაფართოებას სასამართლო სისტემაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გუშინ გადადგა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.