ბიზნესმენმა დავით ღუღუნიშვილმა, რომელმაც ბათუმში 500 ათას ლარიანი ტენდერი მოიგო, თანხის მოლოდინში გონიოსა და კვარიათში 27 ქუჩიდან 21 ქუჩის რეაბილიტაცია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო. დაფინანსების მოლოდინში მყოფ ბიზნესმენს კი კონტრაქტი ისე შეუწყვიტეს, რომ ბათუმის მერიამ ტენდერით გათვალისწინებული ფული აღარ მისცა. უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირებმა აჭარაში მუშაობის უფლებისთვის ბიზნესმენს ქრთამიც მოსთხოვეს. რადგან ფულის მიცემაზე ღუღუნიშვილმა უარი თქვა, მისი კომპანია არასასურველთა რიგებში მოხვდა.
დავით ღუღუნიშვილი იმ სქემაზე საუბრობს, რომელიც ბათუმის მერიაში მოქმედებს.
მისი განცხადებით, აჭარაში სულ 4-5 სამშენებლო კომპანია მუშაობს და მერიის ტენდერებს მხოლოდ ისინი იგებენ. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ისინი მერიის მაღალჩინოსნებს ქრთამს უხდიან.
სადავო საკითხის გარკვევა ბიზნესმენმა პროკურატურას სთხოვა, თუმცა, საქმე არ მიიღეს. მიმართა სასამართლოსაც, თუმცა, პროცესი ჭიანურდება. ბიზნესმენის ადვოკატმა საკითხით დაინტერესება ქვეყნის ახალ მთავარ პროკურორსაც სთხოვა, წერილიც გაუგზავნა, თუმცა, რეაგირება ისევ არ მომხდარა.
ბიზნესმენი და მისი ადვოკატი იმ მაღალჩინოსანთა გვარებს ასახელებენ, ვინც კორუფციაში მონაწილეობს. ღუღუნიშვილი ამბობს, რომ მათ შორის, ვინც მას ქრთამი მოსთხოვა, ბათუმის ვიცემერი, თენგიზ პეტრიძეც, იყო. თავად პეტრიძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
ინტერვიუზე უარს ამბობდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც, თუმცა, მოგვიანებით სულხან ევგენიძეს შაბათის კურიერმა კითხვები მაინც დაუსვა.
ევგენიძემ განაცხადა, რომ შპს კრისტალს მუშაობის დროს დარღვევები ჰქონდა და კონტრაქტი ამის გამო შეუწყვიტეს. მისივე თქმით, მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი და პასუხს ელოდებიან.
ბათუმის მერიაში არსებული შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ საკითხის დაყენებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა აპირებს.