საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული სანდო წყარო შაბათის კურიერს უყვება, რომ არსებობს საიდუმლო ფონდი, საიდანაც მინისტრთა კაბინეტის არა ყველა წევრს, არამედ მხოლოდ რჩეულებს, ათი ათასობით ლარს უხდიან.
ხალხის მიერ დაქირავებული მინისტრები მხოლოდ ხელფასს არ იღებენ და ხშირად ანაზღაურება 6200-ლარიან გასამრჯელოზე ოცჯერ მეტი აქვთ.
სანდო წყარო კურიერს იმ რვა მინისტრის შესახებ უყვება, რომლებიც ოცნების ფონდიდან შავ ფულს იღებდნენ ან ახლაც იღებენ.
ეს მინისტრები არიან - ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, შსს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე. ამავე სიაში იყვენენ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.
მინისტრებს შორის დღეს ყველაზე მეტ ფულს შავი სალაროდან ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას, უხდიან. წყარო გვიყვება, რომ ის თვეში 50 ათას დოლარს იღებს.
ოცნების შავი სალაროს შესახებ კურიერის დასმულმა კითხვებმა მოქმედი და ყოფილი მინისტრები დააბნია.
მთავრობის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობდა არმაზ ახვლედიანი, რომელიც ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი იყო. მას ბევრი უნახავს და ბევრი მოუსმენია. ამბობს, რომ ე.წ შავი ფულით მინისტრების დაფინანსება კორუფციული სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ვინაობის გაუთქმელობის პირობით ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა ასეთი ფონდის არსებობა დაგვიდასტურა, თუმცა, არ დააკონკრეტა, საიდან ხვდება შავ სალაროში თანხები.
არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციას დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე ვარაუდობს, რომ ფულის ნაწილი ფონდში ბიძინა ივანიშვილისგან ირიცხება და ამით ის ყველა საკვანძო სამინისტროს ხელმძღვანელის მორჩილებას ყიდულობს. ენუქიძის ამბობს, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები.
კურიერის წყაროს ინფორმაციით, ე.წ შავი ფულის სალარო მთავრობაში ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა და ფულს მხოლოდ მინისტრები არ იღებენ.