უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 5 მარტი გლოვის დღედ გუშინ დონეცკის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინის მასშტაბით 12:00 საათზე წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულებს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებების, ინსტიტუტების და ორგანიზაციების თავზე ეროვნული დროშები ნახევრად დაეშვება," - წერია პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, დღეს ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდება.
დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ ზასიადკოს ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია.