პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. პირველი შეხვედრა ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის სურვილია, მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს კანდიდატის შერჩევა.
მთავარი კრიტერიუმები კი კვალიფიკაცია, ნდობა და აპოლიტიკურობაა. კანდიდატი კი საბოლოოდ პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.
„პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მოსაზრებები და რჩევები, ეს არის როგორ უნდა დაიგეგმოს პროცესი იმისთვის, რომ მივიდეთ საუკეთესო შედეგამდე. როგორ წარმოუდგენიათ აკადემიური წრეების წარმომადგენელებს პროცესის მართვა, კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს ადამიანი, იმიტომ, რომ კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები და კონკრეტული დეტალები არ არის გაწერილი, მათ შორის კრიტერიუმების მოთხოვნის მიმართულებით. ეს შეხვედრა ემსახურება სწორედ პროცედურის და კრიტერიუმების შესახებ მოსაზრებების მოსმენას. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მას არანაირ ხელშეწყობა, იმ ორი უმნიშვნელოვანესი უწყებიდან, რომელიც არის ერთის მხრივ პარლამენტი და მეორეს მხრივ, იუსტიციის სამინისტრო, არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ, არ ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება, მხოლოდ ამ ერთ ადამიანს დაბრალდეს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პროცესი მაქსიმალურად უნდა იყოს საზოგადოების ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობაზე ორიენტირებული.
„ვფიქრობ, რომ სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იმ კორპორატიული ერთობიდან, რომელიც აკონტროლებს დღეს არა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემას. ის უნდა იყოს ცნობილი იურისტი,“ - აღნიშნა მენაბდემ.