20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"არც ერთი გვარი ამ შეხვედრაზე არ დასახელებულა“ - ვახუშტი მენაბდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების პირველ რაუნდს, რომელიც 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სხვადსხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სამართლის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავარი საკითხი, რასაც საუბარი შეეხო, იყო ის კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე არც ერთი კონკრეტული პირის სახელი და გვარი არ დასახელებულა.

„მთავარი, რაც გამოიყო, ეს არის კვალიფიკაცია და მაღალი საზოგადოებრივი  ნდობა, ასევე ის, რომ მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ხედვები სასამართლო სისტემაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ცხადია, ეს იყო ცალკეული წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ ეს არის ის, რაც საფუძვლად დაედება ან რაზეც ყველა ერთიანდება. არც ერთი გვარი ამ შეხვედრაზე არ დასახელებულა,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ.

„რატომ იქცა სასამართლო სისტემა უსერიოზულეს გამოწვევად ქვეყანაში სახელმწიფოსთვის და აი ამ ყველაფრის ანალიზი მოგვცემს შესაძლებლობას იმისას, რომ უფრო სწორი ნაბიჯები გადავდგათ, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს დრო იმისა, რომ რაღაც ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალოდ გადადგმული ნაბიჯებით. ეს პასუხისმგებლობა არის როგორც პრეზიდენტზე, ამ შემთხვევაში, ეს პასუხისმგებლობა არის პარლამენტზე, მმართველ ძალაზე. ჩვენ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ვხედავთ პრობლემებს ამ კუთხით,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები